logo
ENG



"ვგმობთ ექსტრემისტების ქმედებებს" - კრემლი ღარიბაშვილის განცხადებას პოზნერზე მიესალმება

01 აპრ 202114:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/0gbvz1zi2y5cjn7.jpg

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აქციის მონაწილეებს "ექსტრემისტი ნაციონალები" უწოდა. 

ამასთან, პესკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც გუშინ გამართული აქცია დაგმო. 

"რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა სახიფათოა. იქ ჩასვლა უბრალოდ საშიშია და რუსეთის მოქალაქეებმა ეს კარგად უნდა გაიაზრონ. კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომელმაც ეს ქმედებები დაგმო", - ამბობს პესკოვი

მას არ ჰგონია, რომ აქცია უშუალოდ პოზნერსა და მის ვიზიტს უკავშირდება.

"აქ დიფერენცირებისგან თავს შევიკავებდი, საუბარია ზოგადად რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც იქ იყვნენ. იქ მარტო პოზნერი არ იყო", - თქვა დიმიტრი პესკოვმა. 

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა